A
A A A
a A

სამუშაო შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკაში

ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკაში, სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე, რომლის თემაც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა და თავიდან აცილება იყო, მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საერთაშორისო გამოცდილებაზე, პრობლემის თავიდან აცილების და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე. მან ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული საკითხის პრევენციის მიზნით ახორციელებს. ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომელიც ამ თვალსაზრისით საქართველოში მოქმედებს.

სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის მიერ, მოლდოვას რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიიდან და ევროსაბჭოს რეგიონული ხელისუფლებების კონგრესიდან.

სულ: 4 ფოტო