A
A A A
a A

საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის წესები და უფლებები

საერთაშორისო დამკვირვებლების აკრედიტაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39,40)

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას  რეგისტრაციაში ატარებს ცესკო. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით.
  • რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ   კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-7 დღისა (20 ოქტომბერს - 18 სთ-მდე) ცესკოში უნდა წარმოადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი:
  • თუ სხვა სახელმწიფოს (ხელისუფლების ორგანოს)  წარმომადგენელია - განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი;
  • თუ სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ან საერთაშორისო ორგანიზაციაა - განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.
  • ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას.
  • ცესკო განცხადების მიღებიდან  2 დღის ვადაში წყვეტს  ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
  • რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (25 ოქტომბერი - 18 სთ-მდე), ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული ანკეტები. (ანკეტის  ფორმა)
  • თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, ცესკოში რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.
  • ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს   2         საერთაშორისო       დამკვირვებლისა.
  • საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

 

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;

ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;

გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

 

  • საარჩევნო კომისიას უფლება არ აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
  • სიის წარმოდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანი კანონის შესაბამისად, რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
  • დამკვირვებლის მოწმობა, იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

 

საერთაშორისო დამკვირვებლის უფლებები

(მუხლი 41)

დამკვირვებელს უფლება აქვს:

 

  • დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
  • კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
  • კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
  • დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;
  • დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
  • დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;
  •  დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
  • დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
  • განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე¬მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
  • მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
  • გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
  • გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

 

დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

 

  • ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
  • გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
  • აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
  • ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
  • კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
  • დაარღვიოს საარჩევნო კოდექსის სხვა მოთხოვნები.

 

 

საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.