პირველი ყოველწლიური შეხვედრა, 2011
2011 წლის 9-11 თებერვალს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღმოსავლეთ ევროპის საარჩევნო ადმინისტრაციების წამომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა გაიმართა ქალაქ სიღნაღში, სადაც სტუმრები გაეცნენ ქართულ კულტურას და დაათვალიერეს კახეთის რეგიონის ისტორიული ძეგლები. ცესკოს მიერ დაგეგმილი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესების და გამოცდილებების გაზიარება, რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, მჭიდრო სისტემატური კავშირის დამყარება ადმინისტრაციებს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს უთიერთთანამშრომლობის პრინციპების შემუშავებაზე.
შეხვედრას დაესწრნენ აღმოსავლეთ ევროპის საარჩევნო ადმინისტრაციების 10 ქვეყნის წარმომადგენელი. ბელორუსიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, რუმინეთის, სლოვენიის, უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების თავმჯდომარეებმა და წევრებმა შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილებები წარმოადგინეს და რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მეთოდების შემუშავებაზე იმსჯელეს.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, რომელთა მხარდაჭერითაც განხორციელდა აღნიშნული შეხვედრა.
”სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობა და მათი გამოცდილების გაზიარება არის საუკეთესო საშუალება ქვეყნის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების დასანერგად”- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა.
კონფერენციის მონაწილეები ასევე გაეცნენ კახეთის რეგიონს და მოინახულეს მისი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები. შეხვედრის მონაწილეები, რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.