საერთაშორისო ორგანიზაციები
საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის წესები და უფლებები
საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაში ატარებს ცესკო. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა.
ორგანიზაციამ ცესკოს უნდა წარუდგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.
თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება.
ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა წყვეტს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.
საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში.
საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ცესკოს განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ცესკოს განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.
ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები და ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული ანკეტები.
თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, ცესკოში რეგისტრაციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.
საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
ვინ შეიძლება იყოს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:
▪ საქართველოს კანონმდებლობის სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
▪ საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;
▪ პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
▪ საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
▪ საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.
დამკვირვებლის უფლებები
დამკვირვებელს უფლება აქვს:
- დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
- კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
- კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
- დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელისშეუშლელად;
- დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
- დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;
- დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
- დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
- განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
- მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
- გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
- გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.
დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
- ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
- გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
- აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
- ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
- კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
- დაარღვიოს საარჩევნო კოდექსის სხვა მოთხოვნები.
საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.
ყურადღება!
საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, დამკვირვებელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია შესაძლებელია გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: observers@cec.gov.ge