A
A A A
a A

სიახლეები ყველა სიახლე

  • საგანმანათლებლო პროექტი - „საარჩევნო განვითარების სკოლა 2021“

    საგანმანათლებლო პროექტი - „საარჩევნო განვითარების სკოლა 2021“

    26 თებერვალი, 2021

    24 თებერვლიდან ცესკოს წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მიმდინარეობს. პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ზამთრის სეზონის სწავლება წელს პირველად, დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ ფორმატში ხორციელდება.

    18-25 წლის ახალგაზრდები, რომლებიც აღნიშნულ პროექტში არიან ჩართულები, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ცოდნას, როგორიცაა საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა,  ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებები, არჩევნები და კვლევები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში და სხვა.

    სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და ცესკოს თანამშრომლები უძღვებიან. პროექტი 28 თებერვალს დასრულდება, რომლის შემდეგაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

    „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. საგანმანათლებლო პროექტში 2015 წლიდან 3 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

     

    სრულად
  • საორიენტაციო სასწავლო პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის

    საორიენტაციო სასწავლო პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის

    22 თებერვალი, 2021

    საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, განახორციელა საორიენტაციო სასწავლო პროგრამა „არჩევნების მიმოხილვა - ზოგადი სასწავლო კურსი“ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი თანამშრომლებისთვის.

    მიმდინარე წლის 22 თებერვალს ონლაინ ფორმატში გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 21 საოლქო საარჩევნო კომისიის 24-მა ახალარჩეულმა წევრმა (15 ქალი, 9 კაცი).

    სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და არჩევითი სახელმწიფო ორგანოები საქართველოში;  დემოკრატიული არჩევნების სახელმძღვანელო პრინციპები და საკანონმდებლო ჩარჩო; საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია და რეგლამენტით განსაზღვრული მუშაობის წესი (ზოგადი მიმოხილვა); შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

    საორიენტაციო სასწავლო პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციაში ახლად დანიშნული/არჩეული თანამშრომლებისთვის (ცესკოს აპარატის თანამშრომელი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, სტაჟიორი) ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2021 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

    სრულად
  • „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

    „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

    17 თებერვალი, 2021

    „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. ქვეყანაში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ წელს პირველად საპილოტე რეჟიმში ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

    პროექტის ფარგლებში 18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სწავლება საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. სასწავლო კურსი 24-დან 28 თებერვლის ჩათვლით, „zoom“-ის აპლიკაციის საშუალებით ჩატარდება.

    "საარჩევნო განვითარების სკოლის" სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა,  ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული საშუალებები, არჩევნები და კვლევები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში და სხვა.

    ონლაინ სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და პირადობის მოწმობის ასლთან ერთად გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 18-დან 21 თებერვლის ჩათვლით.

    დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51

    საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტს 2015 წლიდან წარმატებით ახორციელებს და მისი მიზანი საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაციაა. პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

     

    სრულად
  • ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებით

    ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებით

    9 თებერვალი, 2021

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის შედეგების შესახებ.

    საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა სრული რაოდენობა 380 პირით განისაზღვრება. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადის გასვლის გამო, შესარჩევი კონკურსი 162 ვაკანტურ პოზიციაზე 2020 წლის 15 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე.

    15-დან 29 დეკემბრის ჩათვლით, ვაკანტურ ადგილებზე სულ შემოვიდა 265 (96 კაცი და 169 ქალი) განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საიდანაც:

    39 საარჩევნო ოლქში ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა; 30 საარჩევნო ოლქში ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე დარეგისტრირდა ორ-ორი კანდიდატი; 14 საარჩევნო ოლქში ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე დარეგისტრირდა სამი და მეტი კანდიდატი.

    კონკურსში თითოეულ ვაკანტურ ადგილზე ერთი ან რამდენიმე კონკურსანტი (არაუმეტეს ოთხი) მონაწილეობდა. კონკურსში მონაწილე 265 პირიდან საარჩევნო სფეროში მუშაობის  გამოცდილება ჰქონდა 263-ს, ხოლო ორს არ ჰქონდა გამოცდილება. ყველა კონკურსანტი ფლობდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს და აკმაყოფილებდა უმაღლესი განათლების საკანონმდებლო მოთხოვნას (ბაკალავრის ხარისხი - 114 პირი, მაგისტრის ხარისხი - 149 და დოქტორის ხარისხი - 2 პირი).

    ხუთ თებერვალს, ცესკოს სხდომაზე, საოლქო საარჩევნო კომისიების 160 წევრი, მათ შორის 103 ქალი და 57 კაცი აირჩიეს. ცესკოს სხდომას ესწრებოდა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა - ცხრა წევრი. კონკურსში გასამარჯვებლად კანდიდატს უნდა დაეგროვებინა დანარჩენ კონკურსანტებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ შვიდი ხმისა. 

    სახელობითი კენჭისყრის სტატისტიკა შემდეგია:

    ცხრა ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 135 წევრი; რვა ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 23 წევრი; შვიდი ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 2 წევრი.

    ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩიეს №30 კასპის და N58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.

    ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების 160 წევრიდან ყველას აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება. არჩეულ წევრთაგან 141 არის საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედი წევრი, რომლებიც აირჩიეს ხელახალი ვადით, მათგან 100 მეორე, ექვსი მესამე, ხოლო 35 მეოთხე ვადით აირჩიეს.

    აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების 160 წევრიდან 19 პირი პირველად აირჩიეს ხუთწლიანი ვადით. მათგან 14-ს აქვს საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებით წევრად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხუთს საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილებაც; ორ პირს აქვს ცესკოში შრომითი ხელშეკრულებით მუშაობის გამოცდილება, საიდანაც ერთს ასევე აქვს საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილებაც; ერთ პირს აქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებითა და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება; ერთ პირს აქვს საუბნო საარჩევნო კომისიაში მოადგილედ და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება; ერთ პირს აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება.

    არჩეულ პირთა სია, ცესკოს ხუთი თებერვლის სხდომის ოქმი და სახელობითი კენჭისყრის შედეგები, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განკარგულებები (№8, №9, №10, №11) განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

    პარლამენტის არჩევნების პერიოდის დასრულებიდან დღემდე სულ 7-ჯერ გამოცხადდა კონკურსი სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიების ვაკანტურ თანამდებობებზე, რის საფუძველზეც ჯამში არჩეულ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიების 166 წევრი.

    სრულად
  • არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ სიმპოზიუმზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მოხსენებით წარდგა

    არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ სიმპოზიუმზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მოხსენებით წარდგა

    5 თებერვალი, 2021

    4 თებერვალს, არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობას მიეძღვნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საკუთარ მოხსენებაში იმ გამოცდილებაზე ისაუბრა რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით გააჩნია. მან მონაწილეებს დეტალურად გააცნო ცესკოს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ახალგაზრდული ბანაკები“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 წლის ზაფხულში განახორციელა. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები იმ პროცესებში, რაც არჩევნებს უკავშირდება.

    სიმპოზიუმზე მომხსენებლებმა დეტალურად იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ამ მიმართულებით კოვიდ 19-ის გავლენაზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ კარგ პრაქტიკაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას გააჩნია აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მიმართულებით.

    საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.

    არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მიერ 2005 წლის სექტემბერში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე.

    სრულად

სიახლე