A
A A A
a A

სიახლეები ყველა სიახლე

  • არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

    არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

    22 ნოემბერი, 2020

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

    21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.  21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

    „მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

    უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

     

     

    მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

     

    მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები

    №1 - მთაწმინდა, კრწანისი

    №2 - შალვა შავგულიძე - 8.43% (1 727)

    №41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769) 

    №2 - ვაკე

     

    №2 - ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)

    №41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549) 

    №3 - საბურთალო

     

    №24 - ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2 770)

    №41 - დავით სერგეენკო-89.92% (24 697) 

    №4 - ისანი

     

    №5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879)

    №41 - კახა კახიშვილი -92.15% (22 055) 

    №5 - სამგორი

     

    №5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3 573)

    №41 - სოზარ სუბარი -88.68% (27 993) 

    №6 - დიდუბე, ჩუღურეთი

     

    №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3 188)

    №41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522) 

    №7 - ნაძალადევი

     

    №10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)

    №41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23 629) 

    №8 - გლდანი

     

    №5 - ნიკანორი მელია - 10.64% (3 032)

    №41 - ლევან კობიაშვილი - 89.36% (25 474) 

    №10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

     

    №5 - გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)

    №41 - ირაკლი ქადაგიშვილი - 88.83% (44 616)

    №11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

     

    №5 - ცეზარი ჩოჩელი - 7.47% (2 076)

    №41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25 728) 

    №12 - რუსთავი, გარდაბანი

     

    №5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)

    №41 - ნინო ლაცაბიძე - 89.79% (35 297) 

    №16 - ხაშური, ქარელი

     

    №5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)

    №41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602) 

    №21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

    №5 - კახა გეწაძე - 8.06% (3 488)

    №41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39 810) 

    №23 - ქუთაისი

     

    №5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2 626)

    №41 - ზაზა ლომინაძე - 91.92% (29 866) 

    №27 - ზუგდიდი

    №5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2 064)

    №41 - ირაკლი ჩიქოვანი - 93.88% (31 678) 

    №28 - ბათუმი  

     

    №5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)

    №41 - რესან კონცელიძე - 87.81% (30 057) 

    №30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

    №5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)

    №41 - ანზორ ბოლქვაძე - 88.19% (32 062) 

     

    ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

     

    საარჩევნო ოლქი

     

     

    მეორე ტურში გასული კანდიდატები

    №59 - ქუთაისი

    №5 - გრიგოლი შუშანია - 7.98% (2 595)

    №41 - იოსები ხახალეიშვილი - 92.02% (29 911) 

     

     

    სრულად
  • ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით

    ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით

    22 ნოემბერი, 2020

    შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

    აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

    ამ ეტაპზე ალტერნატიული ფორმატით გასაჯაროებული წინასწარი შედეგები იხილეთ ბმულზე

    შემაჯამებელი ოქმები იხილეთ ბმულზე

     

     

     

    სრულად
  • საინფორმაციო ბრიფინგი

    საინფორმაციო ბრიფინგი

    21 ნოემბერი, 2020

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

    „როგორც თქვენთვის ცნობილია 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი.  კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

    შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით,  ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების  27 %, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით. 

    „შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე. 

    კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    სრულად
  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    21 ნოემბერი, 2020

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას განუცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

    „რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“,-განაცხადა იოსელიანმა.

    მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.

    დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

    „საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბნებზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადებში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს.

    როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.

    მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

     

     

    სრულად
  • საინფორმაციო ბრიფინგი

    საინფორმაციო ბრიფინგი

    21 ნოემბერი, 2020

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის არსებული საჩივრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    „წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74% -ია (443 963 ამომრჩეველი). ყველაზე მაღალი აქტივობა  აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, 30-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები, მისული ამომრჩევლების რაოდენობა რეგიონში - 30 162-ია.  ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში (№7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) - 16% (21. 641 ამომრჩეველი)“, - განაცხადა პრეს -სპიკერმა.

    მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს, 2016 წელს  დაფიქსირდა 30.99% (767 907 ამომრჩეველი).

    რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. 3 საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ ხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანი ყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდება ერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს. ყველა საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საჩივრებს და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

    შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

    „ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

    კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

     

    სრულად
  • ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათზე

    ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათზე

    21 ნოემბერი, 2020

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

    „წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ამომრჩეველმა, რაც არის ამომრჩეველთა რაოდენობის 8.29%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში (21-ე მაჟორიტარულ ოლქში) - 11.4% (14 901 ამომრჩეველი). ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში - 6.2%, ჯამში  8 321 ამომრჩეველი.

    ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან (11.29.12) დაკავშირებით, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა. უბანზე ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს კენჭისყრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება სპეციალურ საარჩევნო უბანს გუდაურში (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია, აღნიშნული უბანი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“,-აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

    მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, შეფერხების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი ხმა. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი, 145 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს.

    „შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მეორე ტურისთვის არის 2 140 210. ხოლო ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი.

    ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შეტანილი ცვლილების თანახმად, 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია 22 ნოემბრის დილის 05:00 საათის ჩათვლით. შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს შეზღუდვების გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა აქვს.

    მეორე ტურის დასრულებამდე დაახლოებით 7 საათი რჩება, ასე რომ ამომრჩევლებს მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მივმართავ - ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    სრულად
  • დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება

    დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება

    21 ნოემბერი, 2020

    დღეს,  17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა.

    „მოგეხსენებათ 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო  უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან  უამინდობის გამო ვერტმფრენს ვერ გადაჰყავს კომისიის წევრები ადგილზე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე ერთ-ერთი  უბანი (11.29.12), სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ორი უბანი  შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას.  

    გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    მისივე თქმით, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ.

    ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით; მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.

    ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები  ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

    „აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, რომ მათ საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. 

    ჩვენ დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით, პირველის ნახევარზე გაიმართება“,-აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

    სრულად
  • საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების ზოგადი სტატისტიკა

    საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების ზოგადი სტატისტიკა

    20 ნოემბერი, 2020

    2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2092 საჩივარი შევიდა.

    აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი იყო სულ 633 საჩივარი. სამართლებრივად სწორად იყო წარდგენილი (გასაჩივრების ვადისა და წესის დაცვით) 492 (77.73%) საჩივარი, მათ შორის დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 178 (36.18%) და არ დაკმაყოფილდა 311 (63.21%), რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა 1 (0.20%), 2 (0.41%) კი წარმდგენმა ორგანიზაციამ გაითხოვა. სამართლებრივად არასწორად წარდგენილი (გასაჩივრების ვადისა და წესის დარღვევით) საჩივრების რაოდენობამ 141 (22.27%) შეადგინა.

    რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ საჩივრებს - კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ სულ 1459 საჩივარი შევიდა. სამართლებრივად სწორად იყო  წარდგენილი (გასაჩივრების ვადისა და წესის დაცვით ) 484 (33.17%) საჩივარი, მათ შორის დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 94 (19.42%) და არ დაკმაყოფილდა 387 (79.96%), რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა 1 (0.21%), 2 (0.41%) კი წარმდგენმა ორგანიზაციამ გაითხოვა. სამართლებრივად არასწორად წარდგენილი (გასაჩივრების ვადისა და წესის დარღვევით) საჩივრების რაოდენობამ კი 975 (66.83%) შეადგინა.

    საერთო ჯამში დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ სამართლებრივად არასწორად წარდგენილი/განუხილველი საჩივრების რაოდენობა 1116-ია, მათ შორისაა საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 975 (87.37%) და დამკვირვებლების მიერ წარდგენილი 141 (12.63%) საჩივარი.

    აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა მომზადებულია ოფიციალურად შემოსული და საჩივრების რეესტრში ასახული ინფორმაციის საფუძველზე. იხილეთ ცხრილი

    სრულად
  • დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის

    დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის

    20 ნოემბერი, 2020

    სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პროფესიული გადამზადების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, 16-19 ნოემბრის პერიოდში, შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.

    პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების  ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება ორ ეტაპიანი სისტემით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც I ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინსტრუქტაჟს დაეთმო (9 წევრი თითო საუბნო საარჩევნო კომისიიდან, გარდა კომისიის ხელმძღვანელი პირებისა), ხოლო II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.

    სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, კომპეტენციის შესაბამისად, ინფორმაცია მიიღეს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

    კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები; ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები; საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა; კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმები; კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოება; ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები.

    საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება უზრუნველყვეს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული სწავლება გაიარა 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოქმედი 1923 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, მათ შორის, გამონაკლის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა (დასწრების დეტალური სტატისტიკა იხ. ბმულზე).

    სრულად
  • ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება

    ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება

    20 ნოემბერი, 2020

    21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. ქუთაისში ასევე გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

    როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი,  ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები.  

    21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 140 210-ია.

    „პანდემიის მიუხედავად არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, ვინაიდან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან, აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცველი ის მცირე დრო, რაც ამომრჩეველს  ხმის მიცემის განსახორციელებლად ესაჭიროება. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის მოხმარება, თუმცა არქონის შემთხვევაში საარჩევნო უბანზე, მათ უზრუნველყოფენ პირბადით; მათ ასევე გადაეცემათ ინდივიდუალური მოხმარების კალმისტრები“,- განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც სადამკვირვებლო ისე მედიაორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს გაუგრძელა რეგისტრაცია/აკრედიტაციის ვადა. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასევე მედიას შეეძლო წარმომადგენლების სიებში ცვლილების შეტანა. შესაბამისად, 21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521  წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.

    აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც  20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.

    ხვალ, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი.

    „მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში.

    ასევე აღსანიშნავია, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან და ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი“,-აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

    21 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე  results.cec.gov.ge.

    დილის 07:00 საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

    „ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

    მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე, მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ასევე მივმართავ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, -განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

    სრულად

სიახლე