A
A A A
a A

სიახლეები ყველა სიახლე

  • კონკურსი სპეციალური ჯგუფის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრების შემდეგი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად

    კონკურსი სპეციალური ჯგუფის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრების შემდეგი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად

    29 ოქტომბერი, 2020

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს კონკურსს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით  შექმნილი ზოგიერთი სპეციალური ჯგუფის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრების შემდეგი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად:

     №

    საარჩევნო ოლქის №

     საარჩევნო უბნის №

     არსებული ვაკანსიების ოდენობა

    1

    №06 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

    №06.08.57

    2

    2

    №07 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

    №07.09.102

    6

    3

    №07 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

    №07.09.103

    2

    4

    №27 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

    №27.67.109

    2

    5

    №28 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

    №28.79.118

    8

     

    საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულების მიღებიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის 12:00 საათამდე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №138, ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]

    კონკურსში მონაწილე პირმა შესარჩევი კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

    განცხადება (თანხმობა) (იხ. განცხადება (თანხმობის) სარეკომენდაციო ფორმა); საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

    გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს:

    პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება.
    სრულად
  • შეხვედრა საერთაშორისო შემფასებელი მისიის წევრებთან

    შეხვედრა საერთაშორისო შემფასებელი მისიის წევრებთან

    29 ოქტომბერი, 2020

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საერთაშორისო შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად, საფრანგეთის პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს და საერთაშორისო დონის ექსპერტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ორგანიზების შესახებ.

    კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ამომრჩეველთა უსაფრთხოება, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, წინასაარჩევნო გარემო, ასევე ინფორმაცია პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების შესახებ, ეს ის მცირე ჩამონათვალია რომელზეც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საერთაშორისო შემფასებელი მისიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს პრეს-სპიკერი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.

    საფრანგეთის პარლამენტის მაღალი რანგის საჯარო მოხელეებით და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ეგიდით იმყოფებოდა.

    სრულად
  • არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

    არჩევნები უსაფრთხოა! - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

    29 ოქტომბერი, 2020

    2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ.

    განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.

    31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

    ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი.

    31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ.

    ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის!

     

     

    სრულად
  • დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგები

    დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგები

    29 ოქტომბერი, 2020

    სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2020 წლის 24 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, 3657 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პროფესიული გადამზადებისთვის ინტენსიური ტრენინგები განახორციელა. 

    საარჩევნო საკანონმდებლო საკითხებზე პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდა:

    ტრენინგების I და III ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემდაგენლობის სწავლებას დაეთმო; II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) ტრენინგი განხორციელდა; ტრენინგების IV ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო.

    სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

    დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში; საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები; საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე); საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, საკანონმდებლო სიახლე - ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი); კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები; ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები; საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა; არჩევნების უსაფრთხოება; ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე; კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები; პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

    საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების ჩატარება უზრუნველყო სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 190 ტრენერმა. ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები.

    ტრენინგების მიმდინარეობას საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების დეტალური სტატისტიკა იხ. ბმულზე.

    სრულად
  • გენდერული პორტალის პრეზენტაცია

    გენდერული პორტალის პრეზენტაცია

    29 ოქტომბერი, 2020

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES)თანამშრომლობით ახალი საინფორმაციო პორტალი შექმნა. საინფორმაციო პორტალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების შესახებ გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია.

    პორტალის პრეზენტაცია ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ წარადგინა. მან შეხვედრის მონაწილეებს 2014 წლიდან 2020 წლამდე გენდერულ ჭრილში დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაცია წარუდგინა, რომელიც ამომრჩეველთა ერთიან სიას, საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

    დისტანციურად გამართულ შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები,ქალთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    სრულად
  • ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

    ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

    28 ოქტომბერი, 2020

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიასგან მიიღო ამომწურავი  ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებისა და საარჩევნო ღონისძიებების შესახებ. თამარ ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული მექანიზმები იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ამომრჩეველთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

    თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა.

    ცესკოს თავმჯდომარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავებული პროტოკოლის შესახებ, რომლის საფუძველზეც იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მიიღონ 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მათი მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა.

    ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად განმარტა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები. მან აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს. ამ განსაზღვრული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა.

    სრულად
  • განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით

    განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მცდელობასთან დაკავშირებით

    27 ოქტომბერი, 2020

    ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას.

    გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

    სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. დადგენილების შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მიმდინარეობდა და მისაღებ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შენიშვნები, რომელთა დიდი ნაწილი აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაში.

    დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ გადასატანი საარჩევნო ყუთით, იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებოდნენ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიებში და იმავდროულად კენჭისყრის დღისთვის იქნებოდნენ თვითიზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ხოლო მოქალაქეთა აქტიური მომართვიანობის გამო, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს იღებდა 18:00 საათამდე. გამოყენებულ იქნა ყველა საინფორმაციო საშუალება და ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების მაქსიმალური ინფორმირება, მაგრამ მიუხედავად ამ დაუღალავი შრომისა და საქმიანობისა, არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას.

    ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას და აგვარიდებს არაზუსტი, საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

    ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ცესკოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკომ შესთავაზა სამუშაო რეჟიმში შეხვედრა, თუმცა მათ შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

    სრულად
  • დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ დაინტერესებული პირებისთვის

    დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ დაინტერესებული პირებისთვის

    27 ოქტომბერი, 2020

    საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ინტენსიური საინფორმაციო კამპანია განახორციელა. საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების ფარგლებში ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს (საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლები, პოტენციური კანდიდატი ქალები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე, მათ შორის საკანონმდებლო სიახლეებსა და პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე.

    ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სწავლების ცენტრმა დამატებითი რესურსის სახით შეიმუშავა დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“. პროგრამა განთავსებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული კურსის ფარგლებში პროგრამის მომხმარებელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცედურულ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა; საარჩევნო უბნის დახურვა და ხმის დათვლის პროცესი; კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები; კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები. პროგრამაში ინტეგრირებულია ტესტური დავალებები, რომელიც მომხმარებელს ცოდნის გადამოწმების შესაძლებლობას ანიჭებს.

    სრულად
  • თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 სთ-მდე

    თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 სთ-მდე

    27 ოქტომბერი, 2020

    ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

    შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

     

    სრულად
  • ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს იაქტიურონ და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება

    ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს იაქტიურონ და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება

    27 ოქტომბერი, 2020

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

    დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. ზარების მიღება ამ წუთებშიც გრძელდება.

    შეგახსენებთ, რომ ცესკომ 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დააფიქსირონ თავიანთი მოთხოვნა. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

    ამავე სხდომაზე  გადაწყდა, რომ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გახანგრძლივებულიყო მომართვის ვადა სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით დასარეგისტრირებლად როგორც საარჩევნო სუბიექტებისთვის, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს როგორც თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მოგვმართონ და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.  

    სრულად

სიახლე