A
A A A
a A

ვესაუბრებით ამომრჩევლებს - 2019

ვესაუბრებით ამომრჩევლებს

საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, საარჩევნო ცნობიერების ზრდას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

2019 წლის 19 მაისის არჩევნებისა და ამომრჩევლის უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა, მოხალისეებთან ერთად გამართეს შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 19 მაისს რიგგარეშე/შუალედური არჩევნები გაიმართა.

აქციის - „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“ ფარგლებში მათ მოსახლეობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების სერვისი შესთავაზეს. აქციის ფარგლებში „იცოდე შენი საარჩევნო უფლებების შესახებ“, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა საინფორმაციო ფლაერები გაავრცელეს. ახალგაზრდები, რომლებსაც 19 მაისის არჩევნებისთვის შეუსრულდათ 18 წელი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვა მიიღეს. ამომრჩევლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, ასევე ჩატარდა აქცია „მოდი არჩევნებზე“, რომლის ფარგლებშიც საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები ამომრჩევლებთან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არჩევნების შესახებ და მათი კენჭისყრაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ინფორმირების კამპანია - „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“, სექტემბერშიც ჩატარდა. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა, მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს არჩევნებისა და საარჩევნო უფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საარჩევნო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს იფორმაცია.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე ასევე აწარმოეს მოქალაქეთა გამოკითხვა, რომელიც წელს განსხვავებული მეთოდოლოგიით განხორციელდა. აღნიშნულ გამოკითხვაში 2000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და მათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაც შეაფასეს.

კამპანიის ფარგლებში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა საჯარო შეხვედრები ჩართულ მხარეებთან. შეხვედრებზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გამართეს პრეზენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2018 წელს ჩატარებული არჩევნებისა და 2019 წლის საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.