A
A A A
a A

ცესკომ წარმატებით გაიარა ISO-ს სტანდარტთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში პირველი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. აღნიშნულ სერტიფიკატთან უწყების მუშაობის შესაბამისობა მიმდინარე წელს განხორციელებულმა აუდიტორულმა შემოწმებებმა დაადასტურა. 

მიმდინარე წლის 9 ივნისს, ცესკოს (ხარისხის მენეჯერის) მოთხოვნის საფუძველზე,  ორგანიზაცია „მენეჯმენტის სისტემებთან“ თანამშრომლობით, ჩატარდა შიდა აუდიტი. 2020 წლის 11 - 12 ივნისს კი, დისტანციურად განხორციელდა პირველი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი დასრულდა დადებითი შედეგებით. საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან არ გამოვლენილა არც ერთი შეუსაბამობა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO 9001:2015 სერტიფიკატი 2019 წლის 28 მაისს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაციაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობს.

საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის პირველი საკონტროლო აუდიტი, სააკრედიტაციო ავსტრიული ორგანიზაციის „ტუვ ავსტრიის“ (TUV AUSTRIA CERT GMBH) წარმომადგენლებმა განახორციელეს. აღნიშნული აუდიტის შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განახლებული სერტიფიკატი.

ცესკოს ხელმძღვანელობა ულოცავს კომისიის წევრებს და საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთ წარმატებას და მადლობას უხდის მათ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 შენარჩუნების და განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.