A
A A A
a A

ვესაუბრებით ამომრჩევლებს - 2020

ვესაუბრებით ამომრჩევლებს

საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის მორიგი არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

კამპანიიის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვედრების ორგანიზება - ამომრჩეველთა ინფორმირება არჩევნების, საარჩევნო უფლების, ხმის მიცემის ფარულობის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების შესახებ; შეხვედრებზე მოქალაქეების გამოკითხვა სპეციალური კითხვარის მეშვეობით.

საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

საარჩევნო პერიოდში კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ამომრჩეველთა ინფორმირება საქართველოს მასშტაბით: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო აქციების გამართვა - ამომრჩეველთა სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების სერვისის შეთავაზება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საინფორმაციო ფლაერების გავრცელება ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისა და ხმის მიცემის პროცედურების შესახებ, ასევე ცესკოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის გავრცელება (მიმართვა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არჩევნების დღისთვის მიაღწევენ საარჩევნო ასაკს).

სწავლების ცენტრის პარტნიორ უნივერსიტეტებში დაგეგმილია პლაკატების განთავსება სწრაფი რეაგირების კოდით (QR Code).

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.

კამპანია ასევე მოიცავს საოლქო საარჩევნო კომისიებში ჩართულ მხარეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას.

საარჩევნო ადმინისტრაცია კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში ღონისძიებებს მიმდინარე წლის ივლის-ოქტომბერში განახორციელებს.