A
A A A
a A

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის წესები და დამკვირვებელთა უფლებები

(საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 39, მუხლი 40 და მუხლი 41)

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (21 ოქტომბერი) და უნდა წარუდგინოს მეწარმეთა და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის/ოლქების დასახელება, რომელშიც/რომლებშიც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

ამონაწერი, რომელიც მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში და მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები.

რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (26 ოქტომბერი - 18:00 საათი) შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია დანართის სახით (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით, ელექტრონული ფორმით  Excel ფორმატში (CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. (,,ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №297/2016 განკარგულება)

რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ დამკვირვებლების დანიშვნის პროცესი განახორციელონ ასევე ელექტრონული საშუალებებით, ონლაინ რეჟიმში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ, ელექტრონული რეგისტრაციის არჩევის შემთხვევაში, გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი. მათთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები (დამკვირვებლის დანიშვნა/მოხსნა), ელექტრონულად მიიღონ სიახლეები, ჩამოტვირთონ საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია, სამართლებრივი აქტები.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი ადგილობრივ დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილ დამკვირვებელს და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცემს დამკვირვებლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-40 მუხლის 7¹ პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;

მოსამართლისა;

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

პროკურატურის თანამდებობის პირისა;

საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

საარჩევნო კომისიის წევრისა;

სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა.

ადგილობრივი დამკვირვებლების უფლებები:

დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;

დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;

დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე­მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ­სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

 

დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

დაარღვიოს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ სხვა მოთხოვნები.

საარჩევნო კომისია ვალდებულია, შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, დამკვირვებელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.

 

ყურადღება!

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს კანცელარიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138) და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართებზე.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

2510051/179 

2510051/151