A
A A A
a A

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესი და საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებები

(საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 39 და მუხლი 40)

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

საქართველოს კანონმდებლობის სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;

საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;

პოლიტიკური მიუკერძოებლობა;

საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;

საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაში ატარებს ცესკო. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების - საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა (24 ოქტომბერი - 18:00 საათი) და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.

თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს.

ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა (27 ოქტომბერი), წყვეტს ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

ცესკო უფლებამოსილია, ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის   დადგენას.

ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (29 ოქტომბერი - 18:00 საათი) ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მასთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში. თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, ცესკოში რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.

რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ დამკვირვებლების დანიშვნის პროცესი განახორციელონ ასევე ელექტრონული საშუალებებით, ონლაინ რეჟიმში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

საერთაშორისო  დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ, ელექტრონული რეგისტრაციის არჩევის შემთხვევაში, გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი. მათთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები (დამკვირვებლის დანიშვნა/მოხსნა), ელექტრონულად მიიღონ სიახლეები, ჩამოტვირთონ საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია, სამართლებრივი აქტები.

ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.

საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია, დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

საერთაშორისო დამკვირვებლის უფლებები

დამკვირვებელს უფლება აქვს:

დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად;

დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;

დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ­სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

დაარღვიოს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ სხვა მოთხოვნები.

საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის  დროს.

საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.

რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან განაცხადი წარმოადგინოთ ცესკოს კანცელარიაში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138)

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:

2510051/127

2510051/151