A
A A A
a A

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.

პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე,  მხარეები 2020 წლის არჩევნებისთვის შეთანხმდნენ ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ დებულებებზე. ხელმომწერები თანხმდებიან, რომ პარლამენტის არჩევნებისთვის იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და ქცევის (ეთიკის) კოდექსით. ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გზით; ხელს შეუწყობენ ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას, რათა არჩევნები ჩატარდეს საყოველთაო, თანასწორი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას; პატივს სცემენ კანონის უზენაესობას. ხელს შეუწყობენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებენ უფლების აღდგენის და დაცვის მხოლოდ სამართლებრივ საშუალებებს; საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი და თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად.

ქცევის (ეთიკის) კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპებია პოლიტიკური ნეიტრალობა და მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, პროაქტიული თანამშრომლობა და რეაგირება და პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

დოკუმენტს ხელი დღეს ცესკოს თავმჯდომარემ და 30 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოაწერა. ხელმოწერის ღონისძიებაზე, რომელიც ცესკოში გაიმართა, დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. სურვილის შემთხვევაში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ შემოუერთდნენ დოკუმენტს ხელის მოწერით.

აღსანიშნავია, რომ ქცევის კოდექსი, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ, პირველად, 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საერთო არჩევნებზე გრძელდება.

სულ: 16 ფოტო