A
A A A
a A

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა პოლიციელებისთვის არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შსს აკადემია) ურთიერთთანამშრომლობით ახორციელებენ პოლიციელთა გადამზადების პროგრამას არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე.

აღნიშნული მიზნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეების ინფორმირებას საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მექანიზმებზე, კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად.

პოლიციელთა გადამზადება დისტანციური სწავლების მეთოდით ხორციელდება. ონლაინ ფორმატში სწავლების ცენტრის ტრენერები მონაწილეებთან განიხილავენ შემდეგ ძირითად მოდულებს:

  • უსაფრთხო საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად
  • არჩევნებში ჩართული მხარეები და მათი როლი არჩევნების უსაფრთხოების პროცესში (უფლებრივი მდგომარეობა და მოქმედების ფარგლები საარჩევნო პროცესში)
  • კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება
  • კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების მექანიზმები და პასუხისმგებლობა სამართალდარღვევებზე

ონლაინ ტრენინგების განხორციელება სწავლების ცენტრმა, შსს აკადემიასთან თანამშრომლობით, 2020 წლის 7 ოქტომბრიდან დაიწყო და 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. აღნიშნულ პერიოდში სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების 4000-ზე მეტი თანამშრომელი გაივლის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებსა და საარჩევნო კომისიების წევრებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, არჩევნების უსაფრთხოების მოდულზე ტრენინგები საოლქო  საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარა. ამ ეტაპზე აღნიშნულ მოდულსა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა პროცედურულ საკითხებზე ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გადიან.

სწავლების ცენტრსა და შსს აკადემიას შორის თანამშრომლობა 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება. 

სულ: 2 ფოტო