A
A A A
a A

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო.

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და პრეს-სპიკერ ანა მიქელაძეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძემ და პროექტის „საარჩევნო სიების სრულყოფა“ მენეჯერმა ხათუნა სვანიძემ მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცეს.

„დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირის მონაცემი გადმოსცა. მონაცემები  ცესკოში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო  რაოდენობა იქნება ცნობილი. ამ ორ უწყებას შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და კოორდინაცია განხორციელდა იმ მიზნით, რომ სია ყოფილიყო მაქსიმალურად დახვეწილი. ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო უფლების მქონე ყველა ამომრჩეველი იქნება სიაში და არჩევნებზე  არავის უფლება არ შეიზღუდება. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით, ცესკოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი სერვისი ჰქონდა შეთავაზებული; მათ შორის იყო ელექტრონული სერვისები; ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის თუ სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით სიაში გადამოწმების სერვისებით სარგებლობამ მილიონს მიაღწია. სწორედ ამ სერვისებმა, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს წლებია ვთავაზობთ, მოიტანა ნდობა ამომრჩეველთა სიებისადმი“ -  განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სააგენტოს ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, პოტენციურ ამომრჩეველთა სია გადავეცით. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან პოტენციურ ამომრჩეველთა სია არის სრულად ბიომეტრიული, ფოტოსურათზე დაყრდნობილი, რაც კიდევ ერთხელ განამტკიცებს ძირითად პრინციპს, რომ  ერთი ამომრჩეველი არის ერთი ხმა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დღეს თამამად ვთქვათ, რომ ეს სია, არის ყველაზე ზუსტი, სრულყოფილი და გამჭვირვალე პოტენციურ ამომრჩეველთა სია“,-აღნიშნა ზურაბ სანიკიძემ.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.

 

 

სულ: 5 ფოტო