A
A A A
a A

დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ დაინტერესებული პირებისთვის

საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ინტენსიური საინფორმაციო კამპანია განახორციელა. საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების ფარგლებში ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს (საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლები, პოტენციური კანდიდატი ქალები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე, მათ შორის საკანონმდებლო სიახლეებსა და პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე.

ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სწავლების ცენტრმა დამატებითი რესურსის სახით შეიმუშავა დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“. პროგრამა განთავსებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული კურსის ფარგლებში პროგრამის მომხმარებელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცედურულ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა; საარჩევნო უბნის დახურვა და ხმის დათვლის პროცესი; კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები; კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები. პროგრამაში ინტეგრირებულია ტესტური დავალებები, რომელიც მომხმარებელს ცოდნის გადამოწმების შესაძლებლობას ანიჭებს.