A
A A A
a A

სტატისტიკური ინფორმაცია შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შესახებ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ჩართული მხარეების ინფორმირების და შემდგომი ანალიზის მიზნით 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით შესწორების ოქმების სტატისტიკური მონაცემები დაამუშავა. დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაწერილია დეტალური ინფორმაცია, აჩვენებს რომ 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებზე საარჩევნო უბნების რაოდენობის მიხედვით დაწერილ შესწორების ოქმებს  შორის გარკვეულწილად განსხვავება არის, თუმცა ეს სხვაობა რადიკალურად განსხვავებულ სურათს არ იძლევა.

დოკუმენტში ასახული მონაცემების მიხედვით იმ უბნების პროცენტული მაჩვენებელი, სადაც 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე შესწორების ოქმები დაიწერა, მცირედით მეტია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე დაფიქსირებულ ანალოგიურ მონაცემზე. 2020 წლის პარლამენტის არჩევნებთან შედარებით ნაკლები შესწორების ოქმია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც; თუმცა, ზოგადად არჩევნების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების შედარებისას, გასათვალისწინებელია ბიულეტენების რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რაოდენობა და შესაბამისად დათვლის პროცესის ხანგრძლივობა, ასევე, პანდემიისგან გამოწვეული ფაქტორები, რომლებსაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა სამუშაო გარემოზე.

რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს აქ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 2020 წლის არჩევნების პირველ ტურზე იმ უბნების რაოდენობა, სადაც ახსნა-განმარტებები დაიწერა ჯამურად პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის (615 - 15.99%) იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნების პირველი ტურის შემთხვევაში (1 089 - 29.52%) და ასევე ნაკლებია  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელზე (624 - 17.17%).

ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებიდან 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ჩათვლით საარჩევნო უბნების მიხედვით დაწერილი შესწორების ოქმების და ახსნა-განმარტებების სტატისტიკის შესახებ. 


საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე დაამუშავა სტატისტიკური მონაცემები 2017 - 2020 წლების მიხედვით იმის შესახებ, თუ რას ეხებოდა შესწორების ოქმები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესწორების ოქმები მხოლოდ ხმებს არ ეხება და ის შეიძლება უკავშირდებოდეს შემაჯამებელ ოქმში შეტანილ სხვა სახის მონაცემებს.

ვრცლად ინფორმაცია აღნიშნული სტატისტიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.