A
A A A
a A

დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის

სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2020 წლის 21 ნოემბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პროფესიული გადამზადების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, 16-19 ნოემბრის პერიოდში, შესაბამისი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.

პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების  ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება ორ ეტაპიანი სისტემით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც I ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინსტრუქტაჟს დაეთმო (9 წევრი თითო საუბნო საარჩევნო კომისიიდან, გარდა კომისიის ხელმძღვანელი პირებისა), ხოლო II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, კომპეტენციის შესაბამისად, ინფორმაცია მიიღეს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები;
  • ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმები;
  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოება;
  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება უზრუნველყვეს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული სწავლება გაიარა 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მოქმედი 1923 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, მათ შორის, გამონაკლის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა (დასწრების დეტალური სტატისტიკა იხ. ბმულზე).