A
A A A
a A

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად,   ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511 853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო.

შემაჯამებელ ოქმში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტების და მანდატების შესახებ. დოკუმენტაციას შეჯამების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია გადასცემს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანო კი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა მართავს პარლამენტის პირველ სხდომას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ურთულესი გამოწვევის, პანდემიის პირობებში შეძლო არჩევნების ორგანიზება ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. არჩევნების დღეს დაცული იყო ყველა პირობა იმისათვის, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა დაეფიქსირებინათ მათი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ცესკომ უზრუნველყო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების კენჭისყრაში მონაწილეობა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული ამომრჩეველი არის უმნიშვნელოვანესი, მათი აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უპირველესი და მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, იმისათვის, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მადლობას უხდის საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა იმ მხარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელი შეუწყვეს კენჭისყრის დღის პროფესიულ გარემოში წარმართვას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ  სხვადასხვა ასპექტებით გამოწვეულ დაძაბულ გარემოში, ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით და რაც მთლიანობაში წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მანდატების რაოდენობის შესახებ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მიხედვით. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. 

 

 

პარტიის (ბლოკის) დასახელება

 

მიღებული ხმების რაოდენობა

 

%

 

მიღებული მანდატების რაოდენობა

2

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“

72 986

3.79%

5

5

ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”

523 127

27.18%

36

8

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

60 480

3.14%

4

10

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

19 314

1.00%

1

24

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“

25 508

1.33%

2

27

ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”

60 671

3.15%

4

36

„გირჩი“

55 598

2.89%

4

41

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

928 004

48.22%

60

56

„ლელო - მამუკა ხაზარაძე“

60 712

3.15%

4


რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“.

სულ: 2 ფოტო