A
A A A
a A

თამარ ჟვანიამ პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა როგორც არჩევნების პირველი, ისე მეორე ტურის შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაცული იყო ყველა პირობა რათა მოქალაქეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი. 

„2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, რომლის ორგანიზების პროცესშიც გათვალისწინებული იყო ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათ შორის, განსაკუთრებული პრიორიტეტულობით პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც მიზნად ისახავდა ვირუსის გავრცელების პრევენციას და საარჩევნო პროცესის  მონაწილეთა უსაფრთხოებას. ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი სრულყოფილად მოიცავდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებს მათ შორის კენჭისყრის დღისთვის, რაც მონაწილე მხარეების მიერ იყო დიდწილად გაზიარებული და დაცული, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. ცესკომ პანდემიასთან დაკავშირებულ წესებზე აწარმოა მასშტაბური ინფორმირების კამპანია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უზრუნველყო ყველა პირობა, რომ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლისას  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო შექმნოდა. კენჭისყრის დღეს, ურთულესი გამოწვევის - პანდემიის პირობებში კომისიის წევრთა მნიშვნელოვანი რაოდენობის ცვლილებების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეძლო, რომ ყველა საარჩევნო უბანი მომსახურებოდა ამომრჩეველს და სრულყოფილი ორგანიზება გაეწია  პარლამენტის არჩევნებისთვის.

სიტყვით გამოსვლისას ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გაამახვილა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერაზე - „პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერამ - საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) და აშშ-ის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით ყველა დონის საარჩევნო კომისიის პროტოკოლით გათვალისწინებული აუცილებელი ინვენტარით და პერსონალური დაცვის საშუალებებით აღჭურვა.“

რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (თვითიზოლაცია, კარანტინი) მყოფ მოქალაქეებს და მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფას, ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციამ თითოეული მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნა სპეციალური უბნები და მისცა მოქალაქეებს შესაძლებლობა, იზოლაციის მიუხედავად, მიეღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა.

„აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას წელს გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია საკუთარი საქმიანობის განხორციელება, ისეთ პირობებში, როდესაც მიმდინარეობდა კამპანიური ხასიათის ზეწოლა ორგანიზაციაზე: პერმანენტულად, უწყვეტ რეჟიმში ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით; გამოიყენებოდა ინსტიტუციაზე ზეწოლის სრულიად მიუღებელი ფორმები, კომისიებს უწევდათ სტრესულ გარემოში საკუთარი საქმიანობის განხორციელება, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ, კანონმდებლობის სრული დაცვით შეასრულა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი; ესეც იყო ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა, რომლის მიუხედავადაც შევძელით მოვმსახურებოდით ამომრჩევლებს პროფესიულ დონეზე და მათთვის შევქმენით ის პირობები, სადაც დაცული იყო მათი უმთავრესი უფლებები.

აქვე, მინდა მოქალაქეებს საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ მოვიდნენ არჩევნებზე, გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის სრული დაცვით აქტიურად მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. მოქალაქეების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება არჩევნების პროცესისადმი არის უმთავრესი წინაპირობა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო არჩევნებში ჩართულ მხარეებს, - მათ ვინც საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებისას პირველ რიგში კანონმდებლობით, საკუთარი პროფესიონალიზმით იხელმძღვანელეს და ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესს და კენჭისყრის დღის გამჭვირვალე გარემოში, პროფესიულ დონეზე წარმართვას.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა; სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულია რაც ამ პროცესს ვაშენებთ და არჩევნები ამ წლების განმავლობაში დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანეს საფუძვლად იქცა. საერთაშორისო საზოგადოების მიერ წლევანდელი არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, სადაც ყურადსაღები ხარვეზების მიუხედავად, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება და ფუნდამენტური უფლებები. ცხადია ის განსახილველი საკითხები და რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მიერ არის მოწოდებული პროცესის გაუმჯობესების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია. შესაბამისად, ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი საქმიანობებია განსახორციელებელი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიის გაძლიერებისა და უწყვეტი მომავალი განვითარებისთვის.

და ბოლოს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა საკუთარი ნება, მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და დააფიქსირა საკუთარი გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს მეათე მოწვევის პარლამენტი, რომელიც, იმედი მაქვს, გააგრძელებს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მშენებლობის და განვითარების პროცესს!

გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ კანონშემოქმედებით და საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობაში!“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია დროებით სამანდატო კომისიას გადასცა, რომელმაც თავის მხრივ დადგენილებით ცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით. 

სულ: 2 ფოტო