A
A A A
a A

საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დავების განხილვის სტატისტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაამუშავა ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცესკოში შემოსული საჩივრების შესახებ (პირველი ტური).

2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ სულ 2091 საჩივარი შევიდა. მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა/საარჩევნო ბლოკებმა წარადგინეს 1 425, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 629, საინიციატივო ჯგუფებმა 33 (ორი საინიციატივო ჯგუფი), საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა 2 და მედიაორგანიზაციებმა 2 საჩივარი. საერთო ჯამში დაკმაყოფილდა/ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 270, არ დაკმაყოფილდა 698, ხოლო გასაჩივრების ვადისა და წესის დარღვევის გამო განუხილველი დარჩა 1117, გაითხოვეს 4 და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა 2 საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 50 პოლიტიკური პარტია/საარჩევნო ბლოკიდან 14-მა, ხოლო ცესკოში რეგისტრირებული 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 21-მა შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ განუხილველად დატოვებული საჩივრების დიდი წილი პოლიტიკური პარტიების/ბლოკების მიერ გასაჩივრების ვადისა და წესის დარღვევით წარდგენილ საჩივრებზე მოდის. ვადისა და წესის დარღვევით წარდგენილი 1117 საჩივრიდან 971 სწორედ პოლიტიკური პარტიების/ბლოკების მიერ იყო წარდგენილი. დეტალური სტატისტიკა იხილეთ: ცხრილი 1

ცესკომ ასევე დაამუშავა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების შედეგების (შემაჯამებელი ოქმების) ცესკოში გასაჩივრების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიების შედეგები (შემაჯამებელი ოქმები) ცესკოში იმ 14 პოლიტიკური პარტიიდან/საარჩევნო ბლოკიდან, რომლებსაც საჩივრები საოლქო კომისიებში ჰქონდათ შეტანილი, ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ/ბლოკმა და 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან კი მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ გაასაჩივრა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ: ცხრილი 2

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა მომზადებულია ოფიციალურად შემოსული და საჩივრების რეესტრში ასახული ინფორმაციის საფუძველზე.