A
A A A
a A

საერთაშორისო ვებინარი - „არჩევნების ადმინისტრირება ევროპაში პანდემიის დროს“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით გამართულ ვებინარში „არჩევნების ადმინისტრირება ევროპაში პანდემიის დროს“ მიიღო მონაწილეობა.

ვებინარის მთავარი თემა „ევროპის ქვეყნებში პანდემიის პირობებში ჩატარებული ბოლო არჩევნები - საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითები“ იყო. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეცვალა COVID-19-მა საარჩევნო პროცესი და რა ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები გაჩნდა. მათ ასევე ისაუბრეს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ამ ქვეყნებმა პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებისას მიიღეს.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პანდემიის პირობებში არჩევნების ადმინისტრირებისთვის ცესკოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყო ამომრჩევლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის და ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება.

თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებები, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო არჩევნების ჩატარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ პოზიტიურად შეაფასა საარჩევნო უბანზე არსებული სიტუაცია, რასაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომელიც 2020 წლის დეკემბერში განხორციელდა და 2021 წლის 25 იანვარს გამოქვეყნდა.  კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები კარგად იყო დაცული (92%), სიტუაცია საარჩევნო უბანზე მოწესრიგებული იყო (94%) და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებული (89%).

ვებინარი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით 28 იანვარს გაიმართა და მასში 200-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.