A
A A A
a A

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ სიმპოზიუმზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მოხსენებით წარდგა

4 თებერვალს, არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობას მიეძღვნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საკუთარ მოხსენებაში იმ გამოცდილებაზე ისაუბრა რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით გააჩნია. მან მონაწილეებს დეტალურად გააცნო ცესკოს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ახალგაზრდული ბანაკები“, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 წლის ზაფხულში განახორციელა. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები იმ პროცესებში, რაც არჩევნებს უკავშირდება.

სიმპოზიუმზე მომხსენებლებმა დეტალურად იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, ამ მიმართულებით კოვიდ 19-ის გავლენაზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ კარგ პრაქტიკაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას გააჩნია აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მიმართულებით.

საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.

არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მიერ 2005 წლის სექტემბერში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე.

სულ: 3 ფოტო