A
A A A
a A

ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის შედეგების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრთა სრული რაოდენობა 380 პირით განისაზღვრება. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადის გასვლის გამო, შესარჩევი კონკურსი 162 ვაკანტურ პოზიციაზე 2020 წლის 15 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე.

15-დან 29 დეკემბრის ჩათვლით, ვაკანტურ ადგილებზე სულ შემოვიდა 265 (96 კაცი და 169 ქალი) განაცხადი, რომელიც აკმაყოფილებდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საიდანაც:

  • 39 საარჩევნო ოლქში ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა;
  • 30 საარჩევნო ოლქში ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე დარეგისტრირდა ორ-ორი კანდიდატი;
  • 14 საარჩევნო ოლქში ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე დარეგისტრირდა სამი და მეტი კანდიდატი.

კონკურსში თითოეულ ვაკანტურ ადგილზე ერთი ან რამდენიმე კონკურსანტი (არაუმეტეს ოთხი) მონაწილეობდა. კონკურსში მონაწილე 265 პირიდან საარჩევნო სფეროში მუშაობის  გამოცდილება ჰქონდა 263-ს, ხოლო ორს არ ჰქონდა გამოცდილება. ყველა კონკურსანტი ფლობდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს და აკმაყოფილებდა უმაღლესი განათლების საკანონმდებლო მოთხოვნას (ბაკალავრის ხარისხი - 114 პირი, მაგისტრის ხარისხი - 149 და დოქტორის ხარისხი - 2 პირი).

ხუთ თებერვალს, ცესკოს სხდომაზე, საოლქო საარჩევნო კომისიების 160 წევრი, მათ შორის 103 ქალი და 57 კაცი აირჩიეს. ცესკოს სხდომას ესწრებოდა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობა - ცხრა წევრი. კონკურსში გასამარჯვებლად კანდიდატს უნდა დაეგროვებინა დანარჩენ კონკურსანტებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ შვიდი ხმისა. 

სახელობითი კენჭისყრის სტატისტიკა შემდეგია:

  • ცხრა ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 135 წევრი;
  • რვა ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 23 წევრი;
  • შვიდი ხმით არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიების 2 წევრი.

ვინაიდან ხმათა უმრავლესობით ვერ აირჩიეს №30 კასპის და N58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.

ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების 160 წევრიდან ყველას აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება. არჩეულ წევრთაგან 141 არის საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედი წევრი, რომლებიც აირჩიეს ხელახალი ვადით, მათგან 100 მეორე, ექვსი მესამე, ხოლო 35 მეოთხე ვადით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების 160 წევრიდან 19 პირი პირველად აირჩიეს ხუთწლიანი ვადით. მათგან 14-ს აქვს საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებით წევრად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხუთს საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილებაც; ორ პირს აქვს ცესკოში შრომითი ხელშეკრულებით მუშაობის გამოცდილება, საიდანაც ერთს ასევე აქვს საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილებაც; ერთ პირს აქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებითა და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება; ერთ პირს აქვს საუბნო საარჩევნო კომისიაში მოადგილედ და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება; ერთ პირს აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება.

არჩეულ პირთა სია, ცესკოს ხუთი თებერვლის სხდომის ოქმი და სახელობითი კენჭისყრის შედეგები, ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ განკარგულებები (№8, №9, №10, №11) განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

პარლამენტის არჩევნების პერიოდის დასრულებიდან დღემდე სულ 7-ჯერ გამოცხადდა კონკურსი სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიების ვაკანტურ თანამდებობებზე, რის საფუძველზეც ჯამში არჩეულ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიების 166 წევრი.