მრგვალი მაგიდა 25 აპრილი, 2012
პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა.
აღნიშნული თემის განსახილველად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ინიციატივით (OSCE/ODIHR) დაინტერესებული მხარეები „შერატონ მეტეხი პალასში“ შეიკრიბნენ.
შეხვედრაში ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციებთან ერთად პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა გენდერული ბალანსის გაუმჯობესების კუთხით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების შესაძლო პრაქტიკული ნაბიჯები განიხილეს, - ვინაიდან წელს მათ ეძლევათ რეალური შესაძლებლობა გაზარდონ ლიდერი ქალბატონების წარმომადგენლობა, მისცენ მათ მეტი მოტივაცია პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურებისთვის და შესაბამისად ხელი შეუწყონ დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
მრგვალი მაგიდის შემდეგ 26-27 აპრილს ორდღიანი ინტენსიური სემინარი გაიმართა;
სემინარში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკაში ჩართულმა იმ ქალბატონებმა პარტიებიდან, რომლებიც საარჩევნო კანდიდატებად ან საარჩევნო კამპანიის მენეჯერებად მოიაზრებიან. სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კამპანიის წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს, ლიდერულ უნარ-ჩვევებს, მიიღეს ინფორმაცია მედიის ეფექტურად გამოყენების შესახებ და ა.შ. სწავლებას მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ტრენერები ატარებდნენ.
მრგვალი მაგიდა თემაზე - „პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა“ და მომდევნო ორდღიანი სემინარი, მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გააქტიურებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული ბალანსის გაუმჯობესებას.