ვინ ვართ ჩვენ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
მანდატი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საარჩევნო ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
სტრუქტურა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:
- ცესკოსა და მისი აპარატისგან;
- უსკოსა და მისი აპარატისგან;
- საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;
- საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.
ცესკო
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 6 წევრს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით ნიშნავენ პოლიტიკური გაერთიანებები. ცესკოს თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს ცესკოს აპარატი, რომელიც მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ცესკოს საქმიანობის ხელშეწყობას.
უსკო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს აჭარის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.
საოლქო საარჩევნო კომისია
საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას. საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 76 საოლქო საარჩევნო კომისია. სსკ შედგება 12 წევრისგან. აქედან 5 წევრს 5 წლის ვადით ირჩევს ცესკო. საარჩევნო პერიოდში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ინიშნება სსკ-ის კიდევ 6 წევრი, ხოლო ცესკო ირჩევს დამატებით 1 წევრს.
საუბნო საარჩევნო კომისია
საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას. საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პერიოდში იქმნება დაახლოებით 3700 საუბნო საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისგან. აქედან 6 წევრს ირჩევს შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია, ხოლო 6 წევრი ინიშნება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ.
საარჩევნო ადმინისტრაციის ხედვა, მისია, ღირებულებები
ჩვენი ხედვაა, როგორც ღია, კომპეტენტურმა და სანდო ინსტიტუციამ უზრუნველვყოთ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განვითარება და განმტკიცება.
ჩვენი მისიაა საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, თანაბრად ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, ინოვაციური სერვისების მიწოდება ამომრჩევლებისა და სხვა ჩართული მხარეებისთვის, საარჩევნო პროცესების უსაფრთხოდ და სანდოობის საერთაშორისო სტანდარტით წარმართვა.
მისიის წარმატებით განსახორციელებლად გამოვხატავთ კორპორატიულ ერთგულებას შემდეგი ღირებულებებისადმი:
დამოუკიდებლობა
ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში და გადაწყვეტილებებს ვიღებთ არჩევნებში ჩართული მხარეების ზეგავლენისგან დამოუკიდებლად;
მიუკერძოებლობა
ჩვენ ვიღებთ ობიექტურ და კანონზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ყველა მხარის მიმართ;
გამჭვირვალობა
ჩვენ უზრუნველვყოფთ საქმიანობის ღიაობას, საჯაროობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის;
პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება
ჩვენ ვმოქმედებთ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით და კანონმდებლობით განსაზღვრული ინსტიტუციების გარდა რეგულარულად წარვუდგენთ საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას;
პროფესიული სანდოობა და ეთიკა
ჩვენ საარჩევნო პროცესს წარვმართავთ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი მოხელეებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სანდოობას;
ინოვაციურობა და სერვისზე ორიენტირება
ჩვენ საარჩევნო პროცესში ვნერგავთ სიახლეებს საჭიროებების გათვალისწინებით და ჩართულ მხარეებს ვაწვდით ხარისხზე ორიენტირებულ მომსახურებას;
ინკლუზიურობა და გენდერული თანასწორობა
ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას და ვითვალისწინებთ გენდერული თანასწორობის ასპექტებს;
პროაქტიულობა და ჩართულობა
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან სანდო, დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად.