თავმჯდომარე
თამარ ჟვანია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
დაბადების თარიღი: 02.05.1971
თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს. მას მინიჭებული აქვს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი და არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორის ხარისხის კანდიდატი. თამარ ჟვანია არის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი (სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ). მინიჭებული აქვს დემოკრატიის მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის (BRIDGE) სრული ფასილიტატორის სერტიფიკატი.
საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე თამარ ჟვანია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი იყო, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით.
თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). მან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ხელი შეუწყო მიუკერძოებელ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას. 2011-2012 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის უფროსი მენეჯერი ნიგერიაში, მანამდე კი - NDI-ის საარჩევნო კონსულტანტი ბანგლადეშში.
თამარ ჟვანიამ მიიღო არჩევნებზე დაკვირვების პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში. თამარ ჟვანიამ ასევე მიიღო მონაწილეობა ლონდონში ორგანიზებულ „საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების სტრატეგიების“ შესახებ საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) პროგრამაში. მან გაიარა პროფესიული ტრენინგები და მიიღო ჯილდოები სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, ფლობს ტაფტის უნივერსიტეტის ფლეჩერის საზაფხულო ინსტიტუტის არაძალადობრივი კონფლიქტების სწავლების სერტიფიკატს. ასევე, ევროკავშირისა და UNDP-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ესპანეთში აქვს მიღებული სერტიფიკატი არჩევნების მხარდაჭერის პროცესში კონფლიქტების არიდების თაობაზე. 2017 წელს თამარ ჟვანია გახდა ჯო სი ბაქსტერის ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებული, რომელიც მას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ საარჩევნო გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვაშინგტონში გადაეცა.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.