ამომრჩეველთა განათლება
სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება
სამოქალაქო და ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლებას, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობას მოიცავს.
სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად, ცესკო სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს ახორციელებს.
- საარჩევნო განვითარების სკოლა
ცესკო სწავლების ცენტრთან ერთად ახალგაზრდებისთვის ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს - „საარჩევნო განვითარების სკოლა“. პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის ზრდა, ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარება. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ყოველწლიურად ხორციელდება და საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს პროექტი ეტაპობრივად საქართველოს ყველა ოლქში განხორციელდეს.
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს დაიწყო. საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდა 10 საარჩევნო ოლქში, რის შემდეგაც ცესკოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროექტი ყოველწლიურად ტარდება.
- არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი
ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცესკო სწავლების ცენტრთან ერთად საინფორმაციო-სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ახორციელებს.
სწავლება საარჩევნო საკითხებზე საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში ტარდება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
- საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები
პროფესიული და მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, ცესკო და სწავლების ცენტრი, ახორციელებს პროექტს - „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. აღნიშნული კურსები ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურების შესწავლას.
- იურიდიული კლინიკა
ცესკოს სწავლების ცენტრში იურიდიული კლინიკა 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში საარჩევნო სამართლის დარგში აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.
- სასწავლო კურსი საარჩევნო სამართლის დარგში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
სწავლების ცენტრი ცესკოს ეგიდით, 2010 წლიდან უმაღლეს სასწავლებელში ახორციელებს სხვადასხვა საგნამანათლებლო პროგრამას, მათ შორის სემესტრულ სწავლებას საარჩევნო სამართლის დარგში („სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“), როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ისე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (მედიის სკოლა) სტუდენტებისთვის.
- დისტანციური სასწავლო პროგრამა
ცესკოს სწავლების ცენტრმა შეიმუშავა დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ემსახურება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. პროგრამაში ინტეგრირებული ტესტირების ბლოკი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ცოდნის გადამოწმების დამატებით საშუალებას ქმნის. დისტანციური სასწავლო პროგრამა
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა
ცესკოს სწავლების ცენტრი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გასცემს მიზნობრივ გრანტებს ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების, არასამთავრობო სექტორისა და პარტიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.