შშმ ამომრჩევლები 2016
ცესკოში შშმ პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით.
შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
საარჩევნო ადმინისტაციის ინიციატივით, 2015 წელს ცესკოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (მერია), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ხელმომწერმა ინსტიტუციებმა აიღეს ვალდებულებები, რომ 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალურ ხელშეწყობას და შეასრულებენ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფას, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობის, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირების ვალდებულებას, ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია
- უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;
- მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;
- ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
- ყრუ ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.
ინფორმაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ (პირველი ტური)
ინფორმაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ (30 ოქტომბერი)
იმ შემთხვევაში თუ ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლები მომართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას ზოგიერთ უბანზე შესაძლებელი იქნება პორტატული (მოძრავი) პანდუსის განთავსება.
შშმ ამომრჩევლების ინფორმირება
- ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეო-რგოლი ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა);
- საარჩევნო პერიოდში, ბანერში ,,საარჩევნო რუკა“ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალი იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შესახებ, რომლებიც ადაპტირებულია (იხილეთ ბმული: https://map.cec.gov.ge/)
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 58-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.
ცესკოს 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებით დარეგულირებული აქვს იმ კატეგორიის საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის პროცედურა, რომლებიც ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებენ ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას. აღნიშნულ დადგენილებაში, ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის 14 ივლისს (დადგენილება №45/2016).
მიღებული დადგენილების და მასში შესული ცვლილების შესაბამისად, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ზედა კიდურები:
- არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას;
- საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“, აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით;
- ამომრჩევლის თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში (დადგენილება №45/2016).
გარდა კანონმდებლობისა საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად ითვალისწინებს გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას და ხელს უწყობს კონვენციის მიზნების განხორციელებას.