შშმ ამომრჩევლები 2017
ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით.
შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების ინფორმირება
- ცესკო უზრუნველყოფს შშმ პირთა სერვისების შესახებ ვიდეო რგოლის მომზადებას;
- ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეო რგოლი ხელმისაწვდომია ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა);
- ცესკოს ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის;
- ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში, ვიდეო ზარის მეშვეობით, შეუძლიათ მიიღონ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჟესტურ ენაზე;
- კენჭისყრის დღეს, ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა);
- საარჩევნო პერიოდში, ბანერში ,,საარჩევნო რუკა“ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შემავალ იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შესახებ, რომლებიც ადაპტირებულია. (იხილეთ ბმული: https://map.cec.gov.ge/)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია
- უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა ;
- მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;
- ფიზიკური შეზღუდვის მქონეამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
- ყრუდა სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.
- ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი
ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ:
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-3 მუხლის ა.გ. პუნქტის შესაბამისად არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 58-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 18511-ე მუხლის შესაბამისად პირებს, რომლებიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროებად ცნო და რომლებიც სტაციონარში არიან მოთავსებული, არ აქვთ არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლებაა.
ცესკოს 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილებით დარეგულირებული აქვს იმ კატეგორიის საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის პროცედურა, რომლებიც ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებენ ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას. კერძოდ, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ზედა კიდურები:
- არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას;
- საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“, აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით;
- ამომრჩევლის თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი (გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში (დადგენილება №45/2016).
გარდა კანონმდებლობისა საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად ითვალისწინებს გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას და ხელს უწყობს კონვენციის მიზნების განხორციელებას.