საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური შეხვედრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ თემას „არჩევნების მთლიანობა - კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“ წარმოადგენდა.
კონფერენციაში 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე 8 საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოში აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა გახსნეს.
„კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის საკითხები, ვფიქრობ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს არჩევნების მთლიანობასა და სანდოობაზე. შესაბამისად ამ თემამ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები შემთხვევები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არ ჰქონია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა საკმაოდ წინა პლანზე წამოიწია და ეს საერთაშორისო კონფერენცია ჩვენ დაგვეხმარება, ერთმანეთს გავუზიაროთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით; დაგვეხმარება ასევე მსჯელობაში, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, რა გადაჭრის გზები არსებობს, რომ ავიცილოთ სანდოობისა და სხვა ტიპის რისკები საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კონფერენცია ბათუმში 26-27 მარტს გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ტექნოლოგიური საფრთხეები საარჩევნო პროცესში და მათი გადაჭრის გზები, ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების, დამუშავების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, კიბერუსაფრთხოების მიზნით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ა.შ. სამუშაო შეხვედრის 100-მდე მონაწილემ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
კონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კიბერშეტევა და დეზინფორმაცია. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში თამარ ჟვანიამ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა დამოუკიდებელი საქართველოს საარჩევნო გამოცდილების შესახებ და წარუდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით - „პირველი დემოკრატიული არჩევნების 100 წლის იუბილე დამოუკიდებელ საქართველოში“.
საარჩევნო პროცესში კიბერუსაფრთხოებასა და ინფორმაციის სანდოობაზე ციფრულ ეპოქაში, ასევე ისაუბრეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა კავკასიაში პიტერ ვიბლერმა და საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა:
როგორც პიტერ ვიბლერმა მედიასთან აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია მზარდი გამოწვევების საკითხია, და მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა იძულებულია თვალი გაუსწოროს ამ რეალობას, „ეს შეხვედრა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის, ვინაიდან ისინი უზიარებენ ერთმანეთს წარმატებულ გამოცდილებას და სწავლობენ ერთმანეთისგან, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე ამ მზარდ გამოწვევას“, - განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა კავკასიაში. მეთ გოქულმა კი ჰოლისტიკური ხედვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება - „უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს კიბერ სივრცე და როგორ შეიძლება ამ სივრცის მართვა. ასეთი განხილვები კი ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და შესაბამისად კონფერენციის თემაზე ასეთი ძირეული მსჯელობა სწორედ ამ დემოკრატიული პროცესების განვითარებას ეხმარება,“ - განაცხადა მეთ გოქულმა.
საარჩევნო ადმინისტრაციების შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. მონაწილეები მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზება საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაუწია.
ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნები:
აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბანგლადეში, ბელარუსი, ესტონეთი, იორდანია, მოლდოვა, რუმინეთი, სამხრეთ კორეა, ლიეტუვა, საქართველო, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შრი ლანკა, ჩეხეთი.
ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები:
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), დელიან პროექტი, კანადა (The Delian Project), ევროპის საბჭო(CoE), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).
ღონისძიებაში მონაწილე საელჩოები საქართველოში:
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში,
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
ღონისძიებაში მონაწილე საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:
„ვოტზი“ (Voatz);
„პოლიასი“ (Polys);
„მირუ სისტემსი“ (Miru Systems).