შშმ ამომრჩევლები 2020
ცესკოში შექმნილი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფი
ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან, საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები).
სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი.
სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით.
შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.
ვის შეუძლია ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობის მიღება?
სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა საარჩევნო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.
როგორ ხდება სამუშაო ჯგუფში მიღება?
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენელი, ოფიციალურად, წერილობით მიმართვას, ცესკოს თავმჯდომარეს, რომ ორგანიზაციას სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ცესკოში შექმნილ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფში. წერილთან ერთად, ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:
- შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი მასალა/დოკუმენტაცია;
- ჯგუფში მონაწილეობაზე წარდგენილი პირის: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა; მობილური ტელეფონის ნომერი).
კანონმდებლობა
მხარდაჭერის მიმღებ პირს თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ აქვს არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 3. ა.გ.).
პირებს, რომლებიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროებად ცნო და სტაციონარში არიან მოთავსებული, არ აქვთ არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 18511).
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უნდა მოახდინონ საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ამომრჩევლისთვის. ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში კენჭისყრის დღეს, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა მოხდეს არსებული შენობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.11 ).
ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.2).
ცესკო დადგენილებით დარეგულირებული აქვს ზედა კიდურების არმქონე ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცედურას, რომლის თანახმადაც:
- არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურას;
- საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“, აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნულს ადასტურებს პირადი ხელმოწერით;
- ამომრჩევლის თანდასწრებით, ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალურ კონვერტში ათავსებს და შემდეგ საარჩევნო ყუთში აგდებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსებაში.
2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
სიახლე
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 200)
ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურა
ვის აქვს უფლება მოითხოვოს ადაპტირებული საარჩევნო უბანი?
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.
რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას?
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა, კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-6 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით, რა ფორმით შეუძლია მიმართოს ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა?
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების ინფორმირება
- ცესკო უზრუნველყოფს შშმ პირთა სერვისების შესახებ ვიდეორგოლის მომზადებას;
- ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეორგოლი და საარჩევნო პერიოდში, მათ შორის კენჭისყრის დღეს გამართული ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები ხელმისაწვდომია ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის ჟესტურ ენაზე;
- ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საშუალება აქვს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში განახორციელოს ვიდეოზარი და საარჩევნო უბანზე ისარგებლოს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით;
- უსინათლო ამომრჩევლებს საშუალება აქვს, ადაპტირებული ცესკოს ვებგვერდის საშუალებით, გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში;
- ბანერში ,,საარჩევნო რუკა“ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ.
ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ (ჩამოტვირთეთ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია შემდეგ სერვისებს სთავაზობს:
-
უსინათლო ამომრჩევლებს - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმას (ფოტო);
-
მცირემხედველ ამომრჩევლებს - ყველა საარჩევნო უბანზე ორ ცალ გამადიდებელ ლინზას (ფოტო);
-
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალურ კაბინას (ფოტო);
-
ყრუ, სმენადაქვეითებულ და მხარდაჭერის მიმღებ პირებს - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულ კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველ პოსტერს (ფოტო).
სასწავლო კურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილეობის ხელშეწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის განახლდა ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა“. ინსტრუქციის მიხედვით,ცესკომ, სწავლების ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) ერთობლივი თანამშრომლობით შეიმუშავა დისტანციური სასწავლო კურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა“. კურსის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტის, ქცევის ნორმებისა და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის დანერგილი სერვისების შესახებ.
იხილეთ ელექტრონული სასწავლო კურსი : https://electiontraining.cec.ge/