მეხუთე ყოველწლიური შეხვედრა, 2015
24-26 თებერვალს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ქ.ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობდა. ორდღიანი ღონისძიების თემა ინკლუზიური არჩევნები იყო.
რიგით მეხუთე შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა გახსნეს. მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, არსებული გამოწვევების და მათ მიერ განხორციელებული იმ აქტივობების შესახებ უზიარებდნენ, რომელთა შედეგად, საარჩევნო პროცესი ყველასთვის, - ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფებისთვის, ქალებისთვის, - თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა.
ყოველწლიური შეხვედრა მიზნად ისახავს კომუნიკაციის განვითარებას და თანამშრომლობის გაუმჯობესებას მონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ცესკოს სწავლების ცენტრის და ICPS-ის მიერ ინიცირებული საარჩევნო სასწავლო ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAETO) პრეზენტაცია გაიმართა; ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ასოციაციის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; მემორანდუმს ასევე შემოუერთდნენ მექსიკის ფედერალური სასამართლოს საარჩევნო ტრიბუნალი და რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო ორგანო.
ღონისძიებაში 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ (იხ.ჩამონათვალი).
შეხვედრა საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები:
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციები შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, კენია, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, მოლდოვა, ნეპალი, რუმინეთი, ავღანეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ინდოეთი, კორეა, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა.
საერთაშორისო ორგანიზაციები:
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), ევროპის საბჭო (CoE), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), საარჩევნო მხარდაჭერის ევროპული ცენტრი (ECES).
საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:
”სმარტმატიკი” (Smartmatic), ”საითლი” (Scytl), მორფო (Morpho), „ეიჩ-ეს-ბი იდენთიფიქეიშენ“ (HSB Identification), „აიდეკო“ (Ideco), „სუპერკომი“ (SuperCom), დერმალოგი (Dermalog).