რეგიონული კონფერენცია „გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესებში“
„გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესებში“ – ამ თემაზე 25-26 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია თამარ ჟვანიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰერდის თორგეისდოტირმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპმა გახსნეს.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გენდერული თანასწორობის ჭრილში საარჩევნო სისტემებისა და საარჩევნო პროცესების საუკეთესო პრაქტიკაზე იმსჯელეს. განიხილეს საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები. შეაფასეს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით მიღებული შედეგები. ცესკოს გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძემ საქართველოში ქალთა მონაწილეობის კუთხით საარჩევნო მოდელისა და პოლიტიკური სისტემის გავლენაზე წარადგინა პრეზენტაცია. მომხსენებლებმა გენდერული თანასწორობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ამ მხრივ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და სტუმრებს გენდერული თანასწორობის გლობალური სტრატეგიის განხორციელების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მიაწოდა ინფორმაცია.
რეგიონულ კონფერენციას მოლდოვასა და აზერბაიჯანის საარჩევნო ადმინისტრაციების, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის (EU) დელეგაცია საქართველოში, საერთაშრისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვენეციის კომისია და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
გენდერულ საკითხებზე ცესკოსა და ვენეციის კომისიის ერთობლივი კონფერენცია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.