მეექვსე ყოველწლიური შეხვედრა, 2016
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციების რიგით მე-6, ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. წელს 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების 105 წარმომადგენელი არჩევნების სანდოობის თემას განიხილავდნენ.
ორდღიან კონფერენციაზე მონაწილეები საარჩევნო პროცესის სანდოობის უზრუნველყოფის ძირითად ასპექტებზე მსჯელობდნენ, მათ შორის რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე ამომრჩევლის აქტივობა, მიგრაციის პრობლემები, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო გარემოს უზრუნველყოფა, შედეგების გამოქვეყნება, გამჭვირვალობა და ჩართულობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინოვაციური პროგრამები და ტექნოლოგიები.
აღნიშნული მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია - „არჩევნების სანდოობის ხელშეწყობა საქართველოში“.
16-17 თებერვლის შეხვედრა ლოპოტაზე, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტმა ბილ სუინიმ გახსნეს.
პირველი კონფერენცია საარჩევნო საკითხებზე 5 წლის წინ შედგა, რომელშიც 11 საარჩევნო ადმინისტრაცია და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა. წელს, 19 ქვეყანას შორის პირველად არიან ხორვატიის, იორდანიისა და ნამიბიის საარჩევნო მოხელეები. შეხვედრას, 16 საერთაშორისო ორგანიზაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული 5 კომპანია ესწრებოდა. თითოეულ წელს საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე საარჩევნო ადმინისტრაციები უმნიშვნელოვანეს თემებზე მსჯელობენ, აზიარებენ ინფორმაციას კარგი გამოცდილებების შესახებ, ეძებენ ხარვეზების გადაჭრის გზებს და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად - საუკეთესო გადაწყვეტილებებს. წლების მანძილზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაციები, ინკლუზიური არჩევნები. წელს კი მთავარ თემად - არჩევნების სანდოობა შეირჩა, რისი გაძლიერებაც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიულ მმართველობას და განვითარებას უწყობს ხელს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო კონფერენციას საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით გაუწია ორგანიზება.
ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნები:
ალბანეთი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ინდოეთი, ისრაელი, იორდანია, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, მოლდავეთი, ნამიბია, რუმინეთი, სლოვენია, სამხრეთ კორეა, უკრაინა.
ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები:
ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), ევროპის საბჭო (CoE), ვენეციის კომისია, დელიანის პროექტი - კანადა, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი (ICEP), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო ინსტიტუტი დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერისთვის (International IDEA), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:
“ინოვატრიკსი” (Innovatrics), „ემპერორ ტექნოლოჯი“ (Emperor Technology), „სმარტმატიკი“ (Smartmatic), „ეი.დაგა გრუფი“ (A.Daga Group), „საიტლი“ (Scytl).